სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომაზე სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო რეგიონული მარშრუტების განბლოკვისა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების საკითხს.
როგორც სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მარშრუტის ორი პროექტია – საავტომობილო და სარკინიგზო. მისი თქმით, სომხეთი საავტომობილო მარშრუტის განვითარების მიზნით აშენებს ჩრდილოეთ-სამხრეთის გზას სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან სომხეთ-ირანის საზღვრამდე.
„ამავდროულად, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას სომხეთ-აზერბაიჯანის საგზაო კომუნიკაციაზე აზერბაიჯანთან, ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება და გახდება ჩრდილოეთ-სამხრეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტი, აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან იმსჯელეს 26 ნოემბერს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და 14 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრებზე.
რაც შეეხება სარკინიგზო კომუნიკაციას, სრ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მისი აღდგენის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„საუბარია ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის აღდგენაზე, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში დავასრულებთ ამ სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი შეთანხმებები მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული“, – აღნიშნა მან.
ფაშინიანმა უარყო ფართოდ გავრცელებული ექსპერტის პოზიცია იმის შესახებ, რომ ამ პროექტის განხორციელება შეიძლება არ იყოს მომგებიანი საქართველოსთვის.
„ამ პოზიციას კატეგორიულად არ უნდა დავეთანხმო, რადგან თუ სომხეთი-ნახჭევანი-ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზა ჯულფაზე გაიხსნება, ჩვენ გვექნება ყველაზე ეფექტური, ოპტიმალური სარკინიგზო კომუნიკაცია სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის და ეს რკინიგზა გაივლის ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ტერიტორიით და გახდება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, არამედ ასევე რეგიონული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“, – განაცხადა ფაშინიანმა.