მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის წინადადებით საქართველოში შეისწავლიან „თუმოს“ ცენტრის გახსნის შესაძლებლობებს

სომხეთსა და საქართველოს დიდი პოტენციალი აქვთ გააფართოვონ თანამშრომლობა დიგიტალიზაციის, ტელეკომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, საფოსტო სერვისების, სტარტაპების სფეროებში, განაცხადა სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე.

„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს შეისწავლონ „თუმო“ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის ფილიალის საქართველოში გახსნის შესაძლებლობა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ეპიდემიის დაწყების დღიდანვე. გამოცდილების გაცვლის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ არაერთი ერთობლივი პრევენციული ღონისძიების განხორციელება. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში აუცილებელია გაგრძელდეს ორი ქვეყნის გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემების თანამშრომლობის განვითარება  და  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ აქტიური კონტაქტები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პრაქტიკულ ფაზაში გადადის. ქართული მხარის წინადადებით სომხურმა მხარემ უკვე დაიწყო შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საშუალო სკოლებში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ჩართვას სერტიფიცირების პროცესში, რაც მიზნად ისახავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.  გარდა ამისა  განვიხილავთ სომხეთში ქართული ენის ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას, ამ კუთხით ქართველი პარტნიორების მხარდაჭერას ველით. ჩვენ დაინტერესებული ვართ სომხეთში ქართული ენის სწავლების მოცულობის გაზრდით, ვფიქრობთ, თუ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ამ სფეროში, მაშინ  ეს იქნება ჩვენი ურთიერთობების ძალიან ლოგიკური გაგრძელება.

ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა განათლების სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობას, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების, როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ეფექტურად ვითანამშრომლოთ სომხური  საჯარო სკოლების ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე და განვითარებაზე. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სომხები  სრულად ფლობდნენ ქართულ ენას, რადგან ჩვენი აღქმაა, რომ საქართველოს სომხური სათვისტომო კვლავაც უნდა იყოს სტაბილურობის, ერთიანობის და ხელშემწყობის ფაქტორი.

ჩვენმა ქვეყნებმა უნდა  გააფართოვონ თანამშრომლობა კულტურის სფეროში, რადგან ჩვენს ხალხებს შეუძლიათ წარუდგინონ ერთმანეთს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და პოტენციალი, ხოლო ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ხალხს შორის მეგობრული ტრადიციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

კულტურულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს თბილისში პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის შენობის განახლებისთვის, ასევე თეატრალური ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ უკვე ხელმოწერილი შეთანხმების გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელმა  სტრუქტურებმა  უნდა გააგრძელონ ძალისხმევა ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ ტურისტული სააგენტოების მიერ შემუშავებული ერთობლივი პაკეტებით. ამ კუთხით ჩვენს ქართველ პარტნიორებს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმის შემუშავებას ტურიზმის სფეროში სომხურ-ქართული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეს იდეა ახალი არ არის, ჩვენ ვისაუბრეთ, უნდა წავახალისოთ ჩვენი ტურისტული ორგანიზაციები, რომ ერთობლივი პაკეტები გამოვიდეს ბაზარზე, ანუ მიმართულება იყოს არა სომხეთი ან საქართველო, არამედ სომხეთი და საქართველო ერთდროულად“, -აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა თავის სიტყვაში  ხაზი გაუსვა  სპორტისა და ახალაგაზრდობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, ეკოლოგიის სფეროში არსებული გამოწვევების  საერთო ძალებით გადაჭრის მნიშვნელობასა და გზებს.

 სიტყვის დასასრულს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა  მადლობა გადაუხადა სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის ყველა მონაწილეს სხდომის რეალობად ქცევისთვის, აღნიშნა, რომ  სხდომის შედეგად მიღწეული შეთანხმებები ახალ ბიძგს მისცემენ  ორმხრივ თანამშრომლობას ყველა შესაძლო მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button