საზოგადოება

სომეხი კულტურის მოღვაწეებმა მოსკოვში აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან შეხვედრისას წამოჭრეს ტყვეთა დაბრუნების საკითხი

23-24 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მიხეილ შვიდკოის შუამავლობით სომხური კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი შეხვდა აზერბაიჯანული კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს. ორმხრივი ნდობის გასამყარებლად სომხურმა დელეგაციამ უპირველეს ყოვლისა ტყვეების დაბრუნების საკითხი წამოაყენა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „არმენპრესი“.

 „შვიდკოიმ ასეთი შეხვედრების ინიცირება მოახდინა 2004, 2006 და 2008 წლებში. ეს შეხვედრა დღის წესრიგის გარეშე მიმდინარეობდა. შვედკოიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ არანაირი პოლიტიკური საკითხი არ განიხილება. თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა თავი და საუბარი მხოლოდ ადამიანურ, ჰუმანისტურ საკითხებზე წარიმართა. ჩვენ ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯებია საჭირო ნდობის გასამყარებლად და პირველი ნაბიჯი არის ტყვეების დაბრუნება. არ შეიძლება იყოს ნდობა, არ შეიძლება იყოს სამშვიდობო პროცესი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური საკითხი არ მოგვარდება. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს. იმედი მაქვს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება”, – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, ერევნის თოჯინების თეატრის დირექტორმა რუბენ ბაბაიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ პრობლემაზე, რომელიც ძირითადად დანაღმულ ტერიტორიებს ეხებოდა.

ბაბაიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობის უპირველესი მიზანი იყო ტყვეთა საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევა. მისი აზრით, ეს საკითხი ყველა პლატფორმაზე უნდა განიხილებოდეს.

 „ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა კარგად იცოდა, რომ სომხეთში დაბრუნებისას მათ განსჯიდნენ, ასეც მოხდა, მაგრამ ტყვეების დაბრუნების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია და ტყვეების გათავისუფლების შემთხვევაში ყველაფერი ასატანია”, -დაასკვნა ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button