საერთაშორისო

ხატია დეკანოიძე – სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში

ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მესამე პრეზიდენტის მოპარვის და ადგილსამყოფლის კვლავ შეცვლის კიდევ ერთი მცდელობა იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, არც საზოგადოება და არც ადვოკატები საქმის კურსში არ ჩააყენეს.

„რეალურად, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე ექიმებმა, ვინც ამ ჰოსპიტალში არიან, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე ჩუმად გაეტაცებინათ სამხედრო ჰოსპიტლიდან. ეს დადასტურდა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, სადაც ნათლადაა აღწერილი, რომ მოპარვის მცდელობის დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მან გონება დაკარგა. ამიტომ ეს ყველაფერი არის კიდევ ერთი ძალიან ცუდი, თავხედური და დანაშაულის ტოლფასი ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს კედლებს ეხეთქება და აგონიაშია. გუშინდელი საინფორმაციო და განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გიორგი მარგველაშვილი შეხვდა მესამე პრეზიდენტს, გააკეთა მკვეთრი განცხადებები, ნამდვილად იტვირთა მაკონსოლიდირებელი ფუნქცია, ამ ყველაფრის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი და გაეტაცებინა ის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.

ჩემი პოზიცია შემდეგია – იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის არა მხოლოდ პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში, ჩემი მეგობარი; ამ ადამიანის სიცოცხლე სასწრაფოდ გადასარჩენია, რაც ვერ მოხდება სამხედრო ჰოსპიტალში ბადრაგებისა და იმ ექიმების გარემოცვაში, ვინც ხელს აწერს მისი გაწერის ფორმას, მაშინ, როცა ძალიან კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ნევროლოგიურიც. შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია აქ წარმოუდგენელია. მისი სასწრაფოდ გადაყვანა უნდა მოხდეს ჩვეულებრივ, სამოქალაქო დაწესებულებაში ან მეტიც, ჩემი პოზიცია ძალიან მყარია იმ მხრივ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილზე მიხეილ სააკაშვილი გახდება ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლი; ამიტომ მისი გადაყვანა, რეაბილიტაცია აუცილებელია ალბათ, საზღვარგარეთის რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან კლინიკაში, სადაც ის პერსონალური შურისძიების მსხვერპლი არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button