სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაინტერესებულნი არიან კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
„მე პირადად დიდი ძალისხმევა გამოვიყენე ამ პროცესში. მე არაერთხელ მილაპარაკია პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ამ ინიციატივით. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს მიმართულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ცდილობენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას, როდესაც შესაძლებელი იქნება ინფრასტრუქტურული, სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა პროექტების განხილვა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისმა არაერთხელ შესთავაზა ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებების პლატფორმით უზრუნველყოფა. ალიევმა და ფაშინიანმა განაცხადეს, რომ ხედავენ რუსეთის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვან როლს.