პოლიტიკა

ელჩი: საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. 3+3-ის მომავალ შეხვედრაში

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ე.წ. 3+3 პლატფორმის მორიგ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება.

„საქართველო დანამდვილებით არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 შეხვედრაში,“ – უთხრა ჯანჯღავამ გამოცემა Daily Sabah-ს.

ელჩმა გამოცემასთან ასევე თქვა, რომ როგორც თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან“, ხოლო სომხეთი „ისტორიული და კარგი მეზობელია“ – „მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“.


„3+3-ის“ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორმატის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა მოსკოვში, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო, რადგან ოფიციალური თბილისის პოზიციის თანახმად, საქართველო იმ ფორმატში ვერ ჩაერთვება, სადაც რუსეთის ფედერაცია, მხარე რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, მონაწილეობს.

მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში მხარეების შეხვედრისას, ქართული დროშა მაინც გამოიყენეს.

ნახეთ მეტი
Back to top button