კულტურა

სომხეთში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტზე 60 სარჩელია დარეგისტრირებული მედიის წინააღმდეგ

2021 წელი მედიისთვის დაძაბული პერიოდი იყო სომხეთში, ომის შემდგომი ღრმა, სოციალურ-პოლიტიკური კრიზისისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის სასტიკი ბრძოლის გამო. ამის შესახებ სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აშოტ მელიქიანმა „არმენპრესის“  დარბაზში  გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

„ჟურნალისტები და ოპერატორები ხშირად ხდებიან პოლიტიკოსების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების სამიზნე. აღსანიშნავია, რომ მასობრივი აქციების დროს პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები  მედიას აიგივებდნენ  იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის სასარგებლოდაც  ისინი მოქმედებდნენ, ამ ყველაფრის შედეგად გამოიკვეთა შეუწყნარებლობა“, – თქვა  აშოტ მელიქიანმა.

ამ დაძაბული ვითარების გამო, 2021 წელს კომიტეტმა მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 18 ფაქტი დააფიქსირა, რა დროსაც დაშავდა 20 ჟურნალისტი და ოპერატორი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ფიზიკური ძალადობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა სხვა შემთხვევა პირველ სამ კვარტალში მოხდა, აშოტ მელიქიანი მიიჩნევს, რომ საერთო მაჩვენებელი შემაშფოთებელია.

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიერ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მიყენების ახალ სარჩელებთან დაკავშირებით, აშოტ მელიქიანმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი ნაკადია. 2020 წელს 61 ასეთი სარჩელი იყო, 2021 წელს – 60.

„მოსარჩელეები, როგორც ფინანსური კომპენსაცია, ხშირად მაქსიმუმს ითხოვენ. ძალიან იშვიათია, როცა ფულს კი არა, პასუხიმგებლობაში მიცემას ითხოვენ. რაც შეეხება სასამართლოს მიდგომებს ამ საკითხის მიმართ  –  ეს მაქსიმალური მოთხოვნები ჯერ არ არის დაკმაყოფილებული“, – განაცხადა აშოტ მელიქიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარე შეშფოთებულია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების დარღვევის შესახებ ცნობებით. 2021 წელს ასეთი 99 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 90 იყო. ამ მხრივ მედიას ძირითადად სამართალდამცავ ორგანოებთან აქვს პრობლემები.

ნახეთ მეტი
Back to top button