პოლიტიკა

რატომ ვერ მოხვდა საქართველო რადაში უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის | საგარეოს განმარტება

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის თქმით, რადაში იმ ქვეყნების დროშები გამოიფინა, რომელთაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ამ განცხადებით უწყების წარმომადგენელი უკრაიანის საკანონმდებლო ორგანოში რადას დეპუტატების მხრიდან მხარდამჭერი ქვეყნების დროშის გამოფენას გამოეხმაურა.

ნარჩემაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლობა ავრცელებს:

“რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში.

მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – აღნიშნა მარი ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა.

ნახეთ მეტი
Back to top button