განხორციელდა Flyone Armenia-ს პირველი რეისი სტამბოლის მიმართულებით
Flyone Armenia-ის პირველი რეისი სტამბოლის მიმართულებით ზვართნოცის აეროპორტიდან 2 თებერვალს შედგა. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, თავდაპირველად დაგეგმილია კვირაში ორი რეისის განხორციელება ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით ორშაბათს და პარასკევს. უახლოეს მომავალში ავიაკომპანია გეგმავს კვირაში სამი რეისის განხორციელებას ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
Flyone Armenia-ს ცნობით, მათი ყურადღების ცენტრშია ანტიეპიდემიური ღონისძიებები და თვითმფრინავში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება. თვითმფრინავები აღჭურვილია HEPA ჰაერის ფილტრებით, რომლებიც კლავს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,97%-ს.
FlyOne Armenia-მ მიმართა როგორც სომხეთის, ასევე თურქეთის საავიაციო ხელისუფლებას ერევანი-სტამბოლი-ერევნის ფრენებისთვის. სომხეთისა და თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამავე მიმართულებით კვირაში ორი ფრენის განხორციელების ნებართვა ასევე მიიღო თურქულმა Pegasus Airlines-მა.
FlyOne Armeni-მ 2021 წლის 12 და 15 ნოემბერს მიიღო საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საიდენტიფიკაციო კოდები. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან.