საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს, წარმოგიდგენთ სტატიას მთლიანად, შემკლების გარეშე.

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 ძირითადი მიზანია გამოყოფილი, მათ შორის: სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია; დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების საჭიროება; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება; ერთი გადასახადის პრინციპის შემოღება; ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარება; ლაზიკის მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული სილიკონის ველი.

„ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაზე ათქმევინა უარი.

ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

წლებია, მთავრობა, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ხალხს უმტკიცებს, რომ საქართველო არ არის ბედნიერად ცხოვრების ადგილი, წლებია გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ დავბადებულვართ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ ღირსეულად და ბედნიერად“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „ტყუილია, რომ ჩვენ არ გვაქვს განვითარების პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ“.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ სახელმწიფო რომელიც მოემსახურება როგორც ქართველო ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას.

ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი.

საქართველო უნდა გახდეს, სიმშვიდის, სტაბილურობის და განჭვრეტადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფო“, – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ „ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალი გადასახადების, დაცული კერძო საკუთრების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის ქვეყანა“.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა.

ეს მოიტანს გეომეტრიული პროგრესიით თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ვიდექით ამ გზაზე 2013 წლამდე. შემდეგ მოხდა თითქმის 10-წლიანი წყვეტა და ახლა უნდა მივიღოთ 2012 წლამდე არსებულის ბევრად გაუმჯობესებული მოდელი. საქართველოს ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს უმუშევრობის ერთციფრიან მაჩვენებლამდე დაყვანა და ქვეყნიდან გასული ყველაზე კვალიფიციური და შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ეს ყველაფერი, გარწმუნებთ, შესაძლებელია“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

რაც შეეხება თითოეული მიზნის მიღწევის გეგმას, როგორც სააკაშვილი წერს, სასამართლო სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნება პოლიტიკის მიღმა მყოფ არაპოლიტიკურ აქტორებს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ეფექტიანობა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, სააკაშვილი აცხადებს, რომ „ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება“.

„საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებს სააკაშვილი.

ეკონომიკური ხედვის პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაზიკის მშენებლობას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“.

ეკონომიკური ხედვის პროგრამა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნახეთ მეტი
Back to top button