ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ტალღა კვლავ გაიზრდება

სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება გრძელდება, რაც ხელისუფლებისთვის სულაც არ იყო მოულოდნელი. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 3 თებერვლის სხდომაზე განაცხადა.
„დღიური ინფიცირების შემთხვევები მუდმივად იზრდება, დღეს, კერძოდ, დაფიქსირდა ინფიცირების 4388 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია 1543 მოქალაქე, საიდანაც აცრილია 256 ანუ 16,6%. ანუ აშკარაა ვაქცინაციის მნიშვნელოვანი გავლენა პროცესზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში კორონავირუსის ტალღა კვლავ გაიზრდება.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული ალგორითმები, მაგრამ არის იმედი, რომ რიცხვები იმაზე მეტი არ იქნება, ვიდრე ველოდით. ჩვენ ახლა ვიღებთ ზომებს, რათა სათანადოდ გავუწიოთ წინააღმდეგობა“, – თქვა ფაშინიანმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ დღეში დადებითი შემთხვევების 4%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ჯანდაცვის სისტემა კი, დაგეგმილის მიხედვით, საავადმყოფოების საწოლების გაფართოებაზე გადადის.
„ამჟამად სისტემა ინტენსიურად მუშაობს ჩვენს მოსახლეობაში ინფექციის პრევენციის, სამედიცინო დახმარების გაწევის სათანადო ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ავანესიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და პაციენტების ვაქცინაცია ჭიანურდება, რადგან ავადმყოფობის მომენტიდან სამი თვე უნდა გავიდეს.
„ამჟამად, 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების 46,3%-მა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო მოსახლეობის 37%-მა მიიღო სრული აცრა“, – განაცხადა ავანესიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი ვაქცინაციის მაჩვენებელს ძალიან დაბალად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული აცრების რაოდენობის გასაზრდელად.