საერთაშორისო

აჭარაში, მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხში, 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს

როგორც ქართული მედია წერს, აჭარაში, ბათუმთან ახლოს მდებარე ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილთა კიდევ ერთი, რიგით მეექვსე, სამარხი ოპოვეს, საიდანაც 29 ადამიანის ნეშტია ამოსვენებული. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ცნობით, შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე 29 ადამიანი დახვრიტეს.

„აღმოჩენილ ნეშტებს ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა – ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. 

გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები), ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ნარჩენები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button