პოლიტიკა

სააკაშვილმა თავისივე პროცესი დატოვა

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს, ნაადრევად დატოვა თავისი სასამართლო პროცესი.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეს (ე.წ. პიჯაკების საქმე).

„მე წავალ, რაღა აზრი აქვს აქ ყოფნას… გასაგებია უკვე ყველაფერი, რაც აქ ხდება“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. ის დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო მიმდინარეობს ფორმალურად, მისი განაჩენი კი წინასწარ არის გადაწყვეტილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

როცა სააკაშვილი სასამართლო დარბაზს ტოვებდა, ამ დროს იქ მოწმის სახით კითხავდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მატყუარა უწოდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი ოფიცრების — გიორგი ანწუხელიძისა და არჩილ ტატუნაშვილის — ნაცვლად აი ამათ ჰქვიათ ქართველი ოფიცრები, ჩვეულებრივ იაფფასიან მონებს“, — აღნიშნა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

დღევანდელ სასამართლო განხილვაზე სააკაშვილმა მიიტანა საქმის განმხილველი პროკურორების სახლების ფოტოები და თქვა, რომ კორუმპირებულები არიან ისინი და მას პირადად მსგავსი სახლები არ აქვს. აღნიშნულს პროკურორების პროტესტი და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ სააკაშვილი გააფრთხილა და მას სასამართლო დარბაზში არსებული წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button