ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

,,ინტერპრესნიუსი” წერს, რომ ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. მძღოლების თქმით, დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ევაკუატორების მძღოლების აქციას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც აქციაზე გაჟღერდა, იგეგმება დახურული შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის.
“გვაკისრებენ განბაჟების გადახდას, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ ვართ მხოლოდ გადამზიდავები. გამოვიყვანთ მანქანას, ჩავაბარებთ პატრონს და დანარჩენს უნდა მიხედოს პატრონმა. პატრონს ვერ პოულობენ, თუ რა ხდება არ ვიცით, გვთხოვენ ჩვენ განბაჟებას და ჩვენ სად უნდა ვეძებოთ. აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოგვარდება ეს ყველაფერი”,- განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ კურცხალიამ.