პოლიტიკა

რაც არ უნდა მოხდეს, მზად ვართ – ბაიდენი უკრაინაზე

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთი ქმედებებზე საუბრისას აცხადებს, რომ აშშ ყველაფრისთვის მზადაა.

„რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფრისთვის მზადაა. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიით. მზად ვართ იმისთვის, რომ ჩავერთოთ დიპლომატიურ საუბარში რუსეთთან, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა ევროპაში გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება.

და ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, რისი ალბათობაც ჯერ კიდევ მაღალია. ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში ეს იყო და რჩება ჩვენი მიდგომა“, – აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენმა ამავე ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროცესების დიპლომატიურად განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „დიპლომატიას წარმატების ყველა შესაძლებლობა უნდა მიეცეს,“.


11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღად 16 თებერვალი არის დათქმული:

„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ამერიკული მედია აშშ-ის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ტექნიკა „სასროლ პოზიციებზე“ გადაიტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button