პოლიტიკა

თურქული ექსპანსია და საქართველოს სამწუხარო გამოცდილება: რა უნდა გააკეთოს სომხურმა დიასპორამ?

სომხეთის სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია ემუქრება.   უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის კერძო წარმოება შეიძლება სავალალო შედეგებამდე დავიდეს, თუ ხელისუფლება არ შეიმუშავებს მექანიზმებს ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად და არ განახორციელებს ეკონომიკური დიპლომატიის პოლიტიკას.

ასეთი აზრი გამოთქვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კვლევითი ცენტრის „ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა თათულ მანასერიანმა მულტიმედია  „Sputnik სომხეთი“- ს  პრესცენტრში ვიდეოხიდის „ერევანი-თბილისი“   დროს.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სომხეთი შესაძლოა ყველა ამ რისკის წინაშე აღმოჩნდეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისა და ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფრისთვის ჯერ მზად არ არის და ხელისუფლების მზადყოფნაც საეჭვოა.

მანასერიანმა რამდენიმე გარემოება დაასახელა, კერძოდ, თურქეთის ეკონომიკა სომხურზე რამდენჯერმე ძლიერია. მეზობლებს არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოება აქვთ, არამედ ფართოდ არის გავრცელებული ერთობლივი საწარმოები დიდ ქვეყნებთან (თურქულ-გერმანული, თურქულ-ფრანგული და ა.შ.). “მოცულობის ეფექტი” ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს: რაც უფრო მეტი პროდუქტი იწარმოება, მით უფრო დაბალია მათი ღირებულება. გარდა ამისა, თურქეთის მთავრობა ახორციელებს ექსპორტის სუბსიდირებას, რადგან მათი ერთ-ერთი პოლიტიკა ახალი სამომხმარებლო ბაზრების დაპყრობაა.

„ყველა ეს ფაქტორი კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მეზობელ ქვეყანას. საკითხავია, მზად ვართ თუ არა ამისათვის.  კონკრეტული ნაბიჯების გარეშე ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ის წარმოება, რაც გვაქვს“, – ამბობს მანასერიანი.

ის ფიქრობს, რომ სომხეთის მთავრობამ ეკონომიკური დიპლომატიის პოლიტიკა უნდა გაატაროს.  ანკარასა და ერევანს  შორის თანამშრომლობის დამყარება, თანაბარი პოზიციებიდან უნდა დაიწყოს.

მან შეახსენა, რომ 1990 წლიდან თურქეთში ოფიციალურად აიკრძალა სომხური საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. გარდა ამისა, ანკარა აგრძელებს მნიშვნელოვანი კონვენციების დარღვევას. მას სომხეთისათვის  უნდა მიეცა ზღვაზე უფასო გასასვლელი, მაგრამ ეს არ ხორციელდება. 2000-იან წლებში სწორედ თურქეთმა დაარღვია „ფეხბურთისმაგვარი დიპლომატიის“ შეთანხმებები.

მანასერიანმა ასევე ილაპარაკა საინვესტიციო წყაროებისა  და სომხეთთან თანამშრომლობით დაინტერესებული პირების დივერსიფიკაციაზე.  ის ქართველ პარტნიორებს ეკონომიკური ექსპანსიის საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად სთავაზობს  ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას,  რეგიონში  არსებული გამოწვევების დასაძლევად.  

ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის შესწავლის ცენტრის დირექტორმა,  პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთის შეშფოთებას გაგებით უდგება. მით უმეტეს, რომ თურქეთის ეკონომიკა რამდენჯერმე ძლიერია ვიდრე სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკა.

ნაჭყებია ფიქრობს, რომ სომხეთს უფრო მეტი შანსი აქვს თურქეთის ექსპანსიის  და დივერსიფიკაციის დაბალანსებისათვის, ვიდრე საქართველოს. მისი თქმით, ამ საკითხში ქვეყანას შეუძლია დაეხმაროს მსოფლიოს მრავალმილიონიან დიასპორა.

„გარდა ამისა, სომხეთს შეუძლია მისი დაბალანსება სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის დახმარებით. ვფიქრობ, სომეხ ხალხს შეუძლია გააკეთოს რაღაც, რათა შეინარჩუნოს ბალანსი რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად თურქეთი საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორია. ეს განსაკუთრებით ვლინდება აჭარაში. უკვე არის ქუჩები, სადაც ქართულად თითქმის არავინ ლაპარაკობს. როგორც მან აღნიშნა, ამ  რეგიონის მოსახლეობის ნაწილმა ისლამი მიიღო.

ხალხი წუხს, რომ ბათუმში თურქულენოვანი ქუჩები გამოჩნდა, ეს არის გაუგებარი დისკრიმინაცია, ქართული წარწერების გამოუყენებლობა მიუღებელია“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში შეიქმნა სპეციალური ზონები, სადაც თურქები ემსახურებიან სომხეთში, ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანში  მიმავალ ტრანზიტულ რეისებს. იქ თურქი მძღოლებისთვის სამლოცველოები გაიხსნა. ნაჭყებიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინტეგრირებული ბიზნესი შემაშფოთებელია.

ამავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს დააბალანსოს თურქული გავლენა ახალი პარტნიორების და ახალი ინვესტორების მოძიებით.

ნახეთ მეტი
Back to top button