რუსეთმა თურქეთს სამხრეთ კავკასიაში შესვლის უფლება მისცა, ახლა შეცდომას ასწორებს. სარგსიანი
რუსეთმა გამოასწორა შეცდომა, რომლითაც თურქეთს სამხრეთ კავკასიაში შესვლის საშუალება მისცა. ამის შესახებ Sputnik სომხეთის მულტიმედია პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა არამ სარგსიანმა.
ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი მოსკოვისა და ბაქოს მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი 22 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერა.
სარგსიანის თქმით, თურქეთმა გააძლიერა პირდაპირი ყოფნა აზერბაიჯანში, რითაც საფრთხე შეუქმნა როგორც სომხეთს, ასევე რუსეთის სამხრეთ რეგიონებს.
„ასეთ პირობებში საჭიროა სომხეთის მაღალი დიპლომატიური უნარები და ანალიზის უნარი. რუსეთმა შეცდომა დაუშვა, ახლა ცდილობს მის გამოსწორებას, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს“, – განაცხადა სარგსიანმა.
ის თვლის, რომ პრობლემებია როგორც არცახის საკითხის მოგვარებასთან, ასევე სომხეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ამ ფონზე სომხეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები გარკვეულ გადახედვასა და განახლებას მოითხოვს რეგიონში და მსოფლიოში განხორციელებული გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ, განახლებას ითხოვს ორ ქვეყანას შორის 1997 წელს ხელმოწერილი „დიდი ხელშეკრულების“ პუნქტები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
„აუცილებელია დაზუსტება და გარკვევა, თუ რა ვალდებულებები აქვს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ორ მოკავშირე მხარეს. ადრე ეს არ გაკეთებულა, მაგრამ ახლა, 44-დღიანი ომის შემდეგ, არის საჭიროება. დღეს სომხეთისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხები ჩვენთვის ერთ საკითხად იქცა“, – დასძინა მან.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეთა ვალდებულებების გარკვევა და გადამოწმება საშუალებას მისცემს გავიგოთ, თუ რით განსხვავდება სომხურ-რუსული ურთიერთობები რუსეთ-თურქული ან რუსეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისგან. ეს საშუალებას მისცემდა, ხაზი გაესვას ერევნისა და მოსკოვის კავშირის სრულიად სხვა ხასიათს.