პოლიტიკა

ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დამატებით დაძაბულობას არ ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ის არ გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს შეუერთდეს, მიმდინარე პროცესების ფონზე მოწმობს საქართველოს პრაგმატულ მიდგომაზე. ამის შესახებ Sputnik სომხეთთან საუბარში განაცხადა ქართველოლოგმა ჯონი მელიქიანმა.

მისი თქმით, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა იღებს უკრაინის მხარდასაჭერ პარლამენტის განცხადებას, მეორე მხრივ კი უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებზე, რადგან ეს არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ქართველოლოგის მოსაზრებით მეზობელი  ქვეყნის მთავრობის პოზიცია საკმაოდ გონივრული ნაბიჯია.

„ყველა შეზღუდვამ და სანქციამ, რომელიც აქამდე დაწესდა რუსეთის მიმართ, უკვე ირიბად იმოქმედა საქართველოზე, კერძოდ ტურისტების ნაკადზე ამ ქვეყანაში, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაზე და გარკვეულწილად სავაჭრო ბრუნვაზე, აქედან გამომდინარე დამატებითი ტვირთი საკუთარი მოქალაქეებისთვის გონივრული არ იქნებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მიღებული არაა ოპოზიციის მიერ, რაც თავის მხრივ ძაბავს შიდა პოლიტიკურ ვითარებას“, – განაცხადა ქართველოლოგმა.

მელიქიანის თქმით, ოპოზიცია იჟინებს, რომ ღარიბაშვილის ხელისუფლება უმადურია და უარყოფს უკრაინული მხარის ნაბიჯს, რომელიც 2008 წლის მოვლენების დროს მხარს უჭერდა საქართველოს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მხარდამჭერია, მასზე მომსახურე პრესა აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო ომში, ცალმხრივად აშუქებს რა ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდება და ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას.

„ქართული ოპოზიცია იყენებს საბაბს ხალხში საპროტესტო ტალღის პროვოცირებისთვის, ხალხის ქუჩებში გამოყვანას ხელისუფლების შეცვლის დღის წესრიგით, ხოლო ხელისუფლება თავის მხრივ სახელმწიფო დღის წესრიგს ამუშავებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

მელიქიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას ვერ მიაღწევს, პრემიერ-მინისტრი მუდმივად არის კავშირში უშიშროების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის წარმომადგენლებთან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საქართველოსთან დაკავშირებული რაიმე საფრთხე არ არსებობს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა არ შეიძლება არ შეაშფოთოს საქართველო, მეორე მხრივ, მიმდინარეობს შიდა პოლიტიკური ბრძოლა ძალაუფლებისთვის, სადაც ოპოზიცია ცდილობს უკრაინის კრიზისი გამოიყენოს თავისი ლიდერის, სააკაშვილის სასარგებლოდ.

თუმცა, მელიქიანის თქმით, ოპოზიციის ზეწოლას არანაირი გავლენა არ აქვს და არ ზღუდავს ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობას, რომლის მიზანია  დამატებითი დაძაბულობა არ გამოიწვიოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ის არ გეგმავს შეუერთდეს დასავლეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომლის დაწესებაც, მისი თქმით, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საქართველოს და ქართველ ხალხს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პარლამენტის რიგგარეშე სხდომების გამართვის აუცილებლობას არ ხედავს, რის შედეგადაც თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, უკრაინის საკითხში ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button