
როგორც ქართული პრესა წერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება პარლამენტში – დოკუმენტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. 13-პუნქტიან განაცხადში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
მოახერხებს თუ არა პარლამენტი რეზოლუციის ერთხმად დამტკიცებას და მიიღებს თუ არა დოკუმენტი ყველა პარტიის მხარდაჭერას – თემაზე დღეს პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ რეზოლუციის მიღებას აზრი არ აქვს, თუ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებას არ დაიწყებს.
“ეს პროცესი არ არის სწრაფი და, შესაბამისად, ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, არავის არსად არ წაუღია. შესაბამისად, თუ დაჩქარებული წესით მოხდება, დაჩქარებული წესით უნდა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმები,”-აცხადებს ენმ-ის წევრი ნონა მამულაშვილი.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილიც აქცენტს რეფორმების აუცილებლობაზე აკეთებს.
“ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტი დაისმება რეფორმების დღის წესრიგზე, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ, მათ ძალიან გარკვევით უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმისთვის, რომ ამ გზაზე ნაბიჯი წინ გადავდგათ, ჩვენგან ითხოვენ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და, რაც მთავარია, მის განხორციელებას. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ ინტერესებს ემსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება,”- აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.