
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას ორივემ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე.
ამის შესახებ მირზოიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მინისტრ ჩავუშოღლუს მოწვევისთვის. „მიმაჩნია, რომ მოწვევა საკმაოდ პოზიტიური გზავნილი იყო, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ამ გზავნილს იგივე დადებითი პასუხი გავცე. შეხვედრის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორივე მხარის მზადყოფნა გაგრძელდეს დარეგულირების პროცესი, რათა დამყარდეს ურთიერთობები და გაიხსნას საზღვრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა მირზოიანმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ამ მიმართულებით მუშაობენ და უახლოეს მომავალში დადებით შედეგებს უნდა ველოდოთ.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ რეგიონის ყველა ხალხი, ყველა სახელმწიფო ცდილობს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
და მინდა ვთქვა, რომ სომხეთის მხრიდან არის მზადყოფნა, ჰქონდეს მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი“, – დაასკვნა მირზოიანმა.