პოლიტიკა

ანალიტიკოსი. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესაძლო ვაკუუმი უნდა შეავსოს დასავლეთმა და არა თურქეთმა

უკრაინაში და მის გარშემო განვითარებული მოვლენები არ გამორიცხავს ყველაზე არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური სცენარების განხორციელების შესაძლებლობასაც. შედეგად, რუსეთს შეუძლია დამოუკიდებლად დატოვოს სამხრეთ კავკასია. ,,არმინფოს“-თან საუბარში ასეთი მოსაზრება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოქალაქის“ ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ჰოვსეფ ხურშუდიანმა.

,,ასეთი პერსპექტივის არსებობა სომხეთს სხვა გზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთთან საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე. კერძოდ, ჯერ საფრანგეთთან და შემდეგ შეერთებულ შტატებთან ან დიდ ბრიტანეთთან. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რუსეთის რეგიონიდან გასვლის შემთხვევაში უსაფრთხოების ვაკუუმი შეივსოს სწორედ დასავლეთის მიერ  და რა თქმა უნდა არა თურქეთის მიერ, მის აზერბაიჯანულ თანამგზავრთან ერთად“, – განაცხადა მან.

რუსეთისთვის უკრაინაში საომარი მოქმედებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სომხეთისთვის შესაძლო შედეგებზე კომენტირებისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვი დროთა განმავლობაში დაიწყებს რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფოს გაფართოებას სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის ხარჯზე. მეტიც, ერევნის „განცხადება“ გაერთიანებულ სახელმწიფოში გაწევრიანების შესახებ აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ წაქეზებით იქნება მიღებული.

შეეხო რა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების უარყოფით გავლენას, ანალიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მსგავს პერსპექტივას თავიდან ვერ აიცილებს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ეკონომიკაში სომხეთის ეკონომიკის ინტეგრაციის მაღალი ხარისხის, შესაბამისად, ერევნის მოსკოვზე ეკონომიკური და ფინანსური დამოკიდებულების გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, ხურშუდიანმა გამოყო რუსეთიდან სომხეთში ფულადი გზავნილების გარდაუვალი კლება რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურების გამო. ისევე როგორც რუსების მსყიდველუნარიანობის კლება, რაც უარყოფითად აისახება სომხეთის ექსპორტზე რუსეთში.

„მაგრამ, როგორც ვხედავთ, არის პოზიტიური ტენდენციებიც და შესაძლებლობებიც. და მე კი ვიმედოვნებ კიდეც, რომ ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში რუსების შესამჩნევი შემოდინება გარკვეულწილად შეამსუბუქებს ანტირუსული სანქციების უარყოფით გავლენას სომხეთზე, კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებით სომხეთში. ასევე მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხეთის ტერიტორიაზე ამა თუ იმ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის დროს. უნდა გვესმოდეს, რომ ის შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე საფრთხეებს სომხეთისთვის“, – დაასკვნა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button