მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრიზისის საკითხებში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დინამიური განვითარებით და ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევით. შეეხო სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა სტაბილურად მიიწევს წინ  დემოკრატიული დღის წესრიგის განხორციელებისკენ და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აძლიერებს პარტნიორობას სომხეთთან და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს სომხეთის დემოკრატიულ რეფორმებს.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას და დაძაბულობის ესკალაციას. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა და ტოივო კლაარმა აზრები გაცვალეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკომუნიკაციო არხების განბლოკვის,  სომხეთ-თურქეთის დიალოგის შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისკენ.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების აუცილებლობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button