საერთაშორისო

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც“: იენს სტოლტენბერგი

საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს საინფორმაციო პორტალი 1TV.GE

სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და აღნიშნა, რომ ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვდგავართ უსაფრთხოების სრულიად ახალი რეალობის წინაშე, რომელიც აზარალებს უკრაიანელ ხალხს, ეს მათთვის გამანადგურებელია; თუმცა, ის ასევე მეტ ზეწოლას ახდენს იმ ქვეყნებზეც ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის წინაშე. საქართველო ერთ-ერთ მათგანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა შეხვედრას. ყველა მოკავშირე ძალიან ყურადღებით უსმენდა მის გამოსვლას, რა დროსაც მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უკვე იხილა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ასე რომ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის წინაშე ახლა არიან. უმჯობესია, მათ ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის ინტერვენციამდე გაწეული მხარდაჭერის ღირებულებას, თუმცა ასევე იმის მნიშვნელობას, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო დამატებით უკრაინისთვის. ასევე, ვფიქრობ, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button