საერთაშორისო

ბრალდებულმა საკუთარი ადვოკატი დაჭრა

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად, მისთვის დანის ჩარტყმა ყელისა და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მას დანა სახის არეში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს interpressnews.ge.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით ედავებოდა და მათ შორის შელაპარაკება სწორედ ამ საკითხს მოჰყვა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

„სამწუხაროდ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი, უპრეცედენტო ფაქტი. კერძოდ, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადვოკატმა ამ ბრალდებულის საქმე წარმატებულად აწარმოვა. ნამდვილად გაუგონარი ამბავია. კარგი არის, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია მსგავსი უმსგავსო ტიპის მოქმედებებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ყველა პროცედურა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს. სოლიდარობას ვუცხადებთ ადვოკატს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პირის ადეკვატური პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button