მთავარისაზოგადოება

სად არიან ლტოლვილებად  ქცეული უკრაინელი სომხები? მათი რაოდენობის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთ-უკრაინის ომის 27-ე დღეს ჯერ კიდევ არ არის მონაცემები, თუ რამდენმა  სომეხმა  დატოვა უკრაინა ან რამდენი დაბრუნდა სომხეთში. მხოლოდ ცალკეულ ევროპულ-სომხურ  სათემო სტრუქტურებს აქვთ მონაცემები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 3,5 მილიონია. პოლონეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, იმ უკრაინელების რაოდენობამ, ვინც პოლონეთს შეაფარა თავი, 2 მილიონს გადააჭარბა, რაც დედაქალაქის ვარშავის მოსახლეობაზე მეტია. სომხურ თემებში „რადიოლურს“ განუცხადეს, რომ უკრაინიდან წასული სომხები ძირითადად დასავლეთ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში გადადიან.

„მე უკვე გერმანიაში ვარ, ჩემი რძალი შვილებთან ერთად პოლონეთშია. ჩემი ერთი ვაჟი ლვოვშია, რადგან უკრაინის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად ვერ გავიდა, მეორე ვაჟი ხარკოვში დარჩა. მან უარი თქვა სახლიდან გასვლაზე, – ამბობს ხარკოვის მკვიდრი მარინა, – უკრაინის ომმა აიძულა მთელი მისი ოჯახი შეეფარებინა ევროპას. რამდენიმე დღის წინ მარინამ „რადიოლურს“ განუცხადა, რომ  მანქანით დატოვეს ხარკოვი და მხოლოდ 4-5 დღის მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს უკრაინის დასავლეთს.

ომის 27-ე დღეს უკრაინიდან ხალხის დენა  გრძელდება. უკრაინის სომეხთა კავშირმა თხოვნით მიმართა ქვეყნის მესაზღვრეებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა გაერკვიათ ქვეყნიდან წამოსული სომხების რაოდენობა. სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დავით მკრტჩიანი ამბობს, რომ იმის გამო, რომ ხალხის ნაკადი დიდი და არარეგულარულია სხვადასხვა მიმართულებით, სომხების შესახებ სრულ მონაცემებს  ვერ აგროვებენ. ომამდე, ადგილობრივ სომეხთა კავშირის მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 350 ათასი სომეხი ცხოვრობდა.

პოლონეთში სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა არტიომ პეტროსიანმა „რადიოლურს“ უთხრა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ პოლონეთში გადასული სომხების რაოდენობა რამდენიმე ათასს ადგენს.

„მართალი გითხრათ, პოლონეთი უდიდეს დახმარებას უწევს უკრაინელ ლტოლვილებს. აქ მათ საშუალება აქვთ 15 დღეში დააკანონონ პოლონეთში ყოფნა, იპოვონ სამუშაო ან დარჩნენ აქ.  არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი ერის წარმომადგენელია.  ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულით და სითბოთი ეხმარებიან პოლონელები ყველას“, – ამბობს არტიომ პეტროსიანი.

რუსეთ-უკრაინის ომის 27 დღის განმავლობაში უკრაინიდან მოლდოვაში 1000-ზე მეტი სომეხი გადავიდა საცხოვრებლად. სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული მოლდოვაში თათულ დავოიანი ამბობს, რომ მესაზღვრეებს მათი რაოდენობის უფრო კონკრეტული რიცხვის მისაღებად მიმართეს. მისი თქმით, თუ პირველ დღეებში ლტოლვილ თანამემამულეებს 24 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ, დღეს უკრაინიდან მოლდოვაში სომხების შესვლა შეჩერებულია.

„10 ოჯახი  უკვე დაბრუნდა უკრაინაში, დანარჩენებს, რომლებიც ჯერ კიდევ აქ არიან, ძირითადად დაბრუნება სურთ, მათი ერთი ნაწილი კი უკვე წავიდა ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში. ასევე გვყავს 20-30-მდე ადამიანი, რომლებსაც სომხეთში დაბრუნდება უნდათ.  უკრაინელებიც აქ არ რჩებიან, ისევ ევროპაში მიდიან“.

თათულ დავოიანი ამბობს, რომ მოლდოვა არ ასხვავებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ლტოლვილები. შესაძლებლობები და უფლებები ყველასთვის ერთნაირია ქვეყნის შიგნით.

„ვიცნობ სომხურ ოჯახებს, რომლებიც მოლდოვაში 15 დღეზე მეტია იმყოფებიან. მოლდოვას ლტოლვილების მიღების პრობლემა არ აქვს, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ყველას ძალიან კარგად ღებულობენ”, – ამბობს თათულ დავოიანი.

ომის დაწყებიდან დევნილი უკრაინელ-სომეხების პრობლემებს “რადიოლური” ყოველდღიურად აშუქებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მკაფიო რიცხობრივი მონაცემები უკრაინადან წასული სომხების შესახებ, არის სლოვაკეთი. სლოვაკეთში სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა ბაგრატ ჰაკობიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ 24 თებერვლიდან სლოვაკეთში 260 სომეხი მოქალაქე გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, ზოგადად დევნილთა ნაკადი ბოლო დღეებში შემცირდა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რიგები აღარ არის.

„ამ 260 მოქალაქის უმეტესობა აღარ არის სლოვაკეთში. მათი უმეტესობა გადავიდა დასავლეთ ევროპაში. დარჩენილები კი ძირითადად სამსახურს ეძებენ, რომ იმუშაონ და ანაზღაურებაც მიიღონ. გარდა ამისა, ისინი იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 67 ევროს. სლოვაკეთი გთავაზობთ საცხოვრებელს და უფასო სამედიცინო მომსახურებას“, – ამბობს სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული სლოვაკეთში.

თუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც გადავიდნენ სლოვაკეთში, ჰყავთ ოჯახის წევრი, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე, მაშინ სლოვაკეთი, უკრაინის მოქალაქეების მსგავსად, აძლევს მათ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

„დანარჩენ იმ  სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს კი, რომლებიც მარტო არიან, შეუძლიათ ქვეყანაში 90 დღემდე დარჩენა და ამ 3 თვის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ასევე გვაქვს 5 შემთხვევა, როდესაც სლოვაკეთში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა,  მათი განცხადებები ახლა განიხილება“, – განაცხადა ბაგრატ ჰაკობიანმა.

სომხეთის დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისიდან „რადიოლურს“ აცნობებენ, რომ ამ დროისთვის არ აქვთ მონაცემები, თუ რამდენმა სომეხმა დატოვა უკრაინა, რამდენი დაბრუნდა სომხეთში. ოფისის მომსახურებთ კი ისარგებლა 100-მა სომხეთის მოქალაქემ.

გუშინ სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის ავტონომოვმა განაცხადა, რომ საელჩოს მონაცემებით სომხეთში დაბრუნდა 4000-მდე უკრაინის მოქალაქე, ძირითადად ეროვნებით სომხები.

ავტორი ანა ჰარუთიუნიანი

ნახეთ მეტი
Back to top button