რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რფ შემადგენლობაში შესვლის შესახებ მიუღებელია საქართველოსათვის: ზალკალიანი

სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიერთებაზე საუბარი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. vedomosti.ru-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მითქმა-მოთქმა მიუღებელია იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამ ოკუპაციას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც აქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
რეფერენდუმი, სადაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების საკითხს უყრის კენჭს, შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. ეს აზრი დღეს TASS-თან ინტერვიუში გამოთქვა ვიქტორ ვოდოლაცკიმ, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გუშინ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების მიზნით.
როგორც TASS-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიმ განუცხადა, პროცედურები 10 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება.
სააგენტოს თანამოსაუბრემ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას 2008 წლიდან სამხრეთ ოსეთის მრავალი მაცხოვრებლის „სანუკვარი ოცნება“ უწოდა.