პოლიტიკა

აზერბაიჯანი ცდილობს ყველა სომეხის დეპორტაციას მთიანი ყარაბაღიდან, საკითხის ამგვარად დახურულად მისაჩნევად. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკამ თავის საჯარო და დიპლომატიურ პასუხებში განაცხადა, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების საკითხი უნდა განიხილებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში. როგორც “არმენპრეს”-ი იუწყება, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

„აზერბაიჯანის პოზიცია არის ის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა არ არსებობს, ის უკვე მოგვარებულია. მაგრამ აზერბაიჯანის ეს პოზიცია არ პასუხობს მნიშვნელოვან კითხვას – როგორ გადაწყდება ამ შემთხვევაში მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების საკითხი? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად საუბრობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების აუცილებლობაზე, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ვხედავთ. აზერბაიჯანი იმის გაცნობიერებით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აქტუალურია და უფრო აქტუალური იქნება საერთაშორისო დღის წესრიგში, პრობლემის მოგვარებას კი არ ცდილობს, არამედ მის დახურვას და ეს ოპერაცია დაიწყო ასკერანის რაიონის სოფელ ფარუხიდან, რომელსაც აქვს გაგრძელების აშკარა ტენდენცია. საკითხის დახურულად მისაჩნევად აზერბაიჯანი ცდილობს ყველა სომეხის დეპორტაციას მთიანი ყარაბაღიდან“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ სომხური მხარე ცდება, მაშინ აზერბაიჯანმა გამოიჩინოს კონკრეტული დაინტერესება მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხების განხილვაში.

„საკითხი, რომელსაც აყენებს არა მხოლოდ სომხეთი, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

ოფიციალური ბაქო კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი არ არსებობს. ეს არის ის მიზეზიც, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური წრეები საკმაოდ აგრესიულად რეაგირებენ ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა იყენებს სახელწოდებას მთიანი ყარაბაღი.

თუმცა ამ სახელის გამოყენება ცალსახად ლეგიტიმურია, სხვათა შორის, იმ მიზეზითაც, რომ 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში ნათლად არის მითითებული ტერმინები მთიანი ყარაბაღი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. განცხადებას ხელს აწერს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო და ახორციელებს პოლიტიკას – „მთიანი ყარაბაღი სომხების გარეშე“, რომელიც ასევე ეფუძნება 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თვითნებურ ინტერპრეტაციებს.

„ასეთია, მაგალითად, აზერბაიჯანის მუდმივი პრეტენზია, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარების გაყვანის პირობას დებდა.

ეს უფრო მეტია ვიდრე თვითნებური კომენტარი, რადგან 9 ნოემბრის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, საიდან უნდა გავიდნენ სომხური შენაერთები და სად დარჩნენ. აქვე უნდა ვთქვა, რომ სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადრინდელი განცხადებები მოწმობს იმაზე, რომ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული ეს დებულება შეთხზულია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შუამავლობით ჩვენს სამმხრივ შეხვედრაზე 2021 წლის 26 ნოემბერს, თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ყველა დებულება პრაქტიკაში განხორციელდა, გარდა კომუნიკაციების გახსნის პუნქტისა. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აშკარაა, რომ სამხედრო ტყვეების, მძევლების სხვა დაკავებულების დაბრუნების შესახებ დებულება ამ დრომდე სრულად არ არის შესრულებული და მუშაობა მიმდინარეობს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button