ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჩარლზ მიშელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რათა გაეგრძელებინა დისკუსიები ორ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება გააღრმავოს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მჭიდროდ იმუშაოს დაძაბულობის დასაძლევად და უზრუნველყოს უსაფრთხო, სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული ცხოვრება სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა ხალხის საკეთილდღეოდ.
ლიდერებმა შეაჯამეს განვითარებული მოვლენები 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ და 2022 წლის თებერვალში პრეზიდენტ მაკრონთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ.
მათ განიხილეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესი, განიხილეს დაძაბულობის ბოლო ესკალაცია და დაადასტურეს 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებების სრული ერთგულების დარჩენის აუცილებლობა.
ჩარლზ მიშელმა ხაზი გაუსვა ორივე მხარის ჰუმანიტარული ნაბიჯების მნიშვნელობას ნდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობისთვის. აუცილებლად მიიჩნია ყველა ჰუმანიტარული საკითხის ყოვლისმომცველი და სწრაფი გადაწყვეტა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხის გარკვევა. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას.