თარგმანი
ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით ფაშინიან-ალიევის შეხვედრა და მისი შედეგები ერთმნიშვნელოვნად არ იქნა მიღებული სომხეთში. ზოგიერთის შეფასებით, ძირითადი პრინციპებიდან უკანდახევა დაფიქსირდა. მეორე მხრივ, პროცესის მხარდაჭერის განცხადებები უკვე გაკეთდა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებიდან. ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რას გულისხმობს ბრიუსელის განცხადება და შეთანხმებები.
5 საათი, 2 მიმართულების შეთანხმება, 1 კონკრეტული თარიღი. ოფიციალური ერევანი ჯერ კიდევ ცდილობს ბრიუსელის მოლაპარაკებების შედეგების გაანალიზებას და გააზრებას, ხოლო ოფიციალურმა ბაქომ ის უკვე შეაფასა, როგორც აზერბაიჯანის ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ ერთი შესაძლო ნაბიჯი. ფაშინიან-ალიევ-მიშელის შეხვედრის ინიციატორმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმ საღამოს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
აპრილის ბოლოს, ბრიუსელის მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილებით შეიქმნება ორ მანდატმინიჭებული ორმხრივი კომისია დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და უსაფრთხო ვითარებას საზღვართან და მის მახლობლად. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა რუსეთის შუამავლობით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება არის კომპრომისული, განმარტავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
„თქვენ იცით, რომ არის სომხეთის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება, არის აზერბაიჯანის ტერიტორიები, რომლებიც სომხეთის კონტროლს ექვემდებარება, ეს საკითხები მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს“. რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სადემარკაციო სამუშაოებს, ევროკავშირიც მზადაა მხარი დაუჭიროს და საჭიროა ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ. „ჩვენი პოზიციაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის დე იურე საზღვარი, ეს არის საზღვარი, რომელიც არსებობდა საბჭოთა პერიოდში.
მეორე შეთანხმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ დაეწყოთ მზადება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმაც პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა. სომხეთის და აზერბაიჯანის პრინციპები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ უნდა გაერთიანდეს მოლაპარაკებების შედეგებით – განმარტავს ფაშინიანი.
„მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის წინადადებების პასუხად ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელი არაფერია, მაგრამ ისინი არ აერთიანებენ სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხებს. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის ხალხის მშვიდობის გარანტია, მათი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარკვევა. აი, ეს საკითხები შედის ჩვენს პასუხებში სამშვიდობო დღის წესრიგზე, ისინი უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი. “როგორც ადრე, ისევე ახლაც არსებითად მიგვაჩნია ეუთოს მინსკის ჯგუფი თანათავმჯდომარეების ჩართულობა ამ პროცესში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით“, -თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის ანალიტიკური სფერო ჯერჯერობით ფრთხილობს. დიპლომატიური მოლაპარაკებების პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაგებას დრო სჭირდება. პოლიტიკური ველის ოპოზიციური ნაწილის მიდგომა უფრო ნათელია: ისინი შეხვედრის შედეგებს მორიგ წარუმატებლობად და ძირითადი პრინციპებიდან უკან დახევად აღიქვამენ. ისინი ამჩნევენ, რომ ფაშინიანის განმარტებისგან განსხვავებით, ბრიუსელის შეხვედრის განცხადებაში არ არის განცხადებები მთიანი ყარაბაღის, იქაური მოსახლეობის, ან ეუთოს მინსკის ჯგუფის შესახებ. ფრაქცია “ჰაიასტანის” დეპუტატის არამ ვარდევანიანის თქმით, მათ მიერ ნაწინასწარმეტყველები ყველაზე ნეგატიური სცენარები არ მომხდარა ბრიუსელში, შესაძლოა, სომხეთში, არცახში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების გამო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დეპუტატი ბრიუსელის შედეგს განიხილავს, როგორც შემაშფოთებელს.
„განცხადებას აქვს რამდენიმე მასშტაბური ხარვეზი. ჯერ ერთი, როგორ მოხდა, რომ იგივე სომხეთის ხელისუფლება საუბრობს ჰუმანიტარულ კატასტროფაზე არცახში, ამის შემდეგ კი ამ დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ჰუმანიტარულ კატასტროფაზე? როგორ არ უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა არცახში? ანუ დემარკაციაზე, დელიმიტაციაზე მიდიხარ იმ ქვეყანასთან, რომელიც ატარებს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას არცახში? რომელიც გაზსაც კი წყვეტს ხალხის ფსიქოლოგიურად დასაშინებლად, რომელიც დღემდე ახორციელებს შეიარაღებულ ოპერაციებს არცახში? არ მესმის ეს. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავდა. ამ სამარცხვინო სიტუაციის ალტერნატივა ომი არ არის. აქაც გაუგებრად მიმაჩნია სომხეთის შიგნით რაღაც შიშის თუ დაშინების პოლიტიკის გატარება. ასეთი რამ არ არსებობს“.
არცახის ფარუხის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენების განხილვა გაიმართა ბრიუსელში, მაგრამ საერთო მიდგომა არ ჩამოყალიბებულა, განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის შესახებ დისკუსიების გამართვა ბრიუსელში. მისი თქმით, მომხრეა კონკრეტულ კომპეტენტურ მხარესთან უნდა იქნას განხილული კონკრეტული საკითხი.
რისი გაგება შეიძლება ბრიუსელის განცხადებიდან: ამ საკითხში პარლამენტის სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრი ვლადიმერ ვარდანიანი გვირჩევს, ტექსტებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
„იცით, დიპლომატიაში ყოველთვის პასუხებს ტექსტებში ვერ იპოვნი, უნდა შეეცადო გამოიცნო ის რაც სტრიქონებს შორის იმალება. მოლაპარაკებებს წარმატების მხოლოდ ერთი გასაღები აქვს: მოქნილობა – არ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც ხელს შეუშლის მოლაპარაკებების პროცესს. წინადადებები თუ კონტრწინადადებები შემოვიდა სომხეთის მხრიდან, მინსკის ჯგუფი ინფორმირებულია ამ საკითხებზე და წინადადებებზე, პროცესი გაგრძელდება. ახლა ყველაზე სახიფათო ის არის, რომ სადღაც არ მოგვიწიოს რაიმე პროცესების შენელება, რაღაც გარემოებში უპრატესობის მიღწევის საბაბით. მოლაპარაკებები დასრულდა, ისინი დიდი ხანს გრძელდებოდა, შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ არის გარკვეული „ზომიერი ოპტიმიზმი“. Მოდი დაველოდოთ“.
მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრებიდან იყო შთაბეჭდილება, რომ უკვე გარკვეული სიცხადეა განბლოკვის საკითხებში, ამჯერად მხარეებს განსხვავებული ინტერპრეტაციები ჰქონდათ რეგიონში კომუნიკაციების გახსნის საკითხში. პრემიერი, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
ამის ნაცვლად, გაკეთდა მკაფიო განცხადებები ჰუმანიტარულ საკითხებზე, ამბობს ის.
„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყველა ტყვეს გათავისუფლების აუცილებლობას.
ეს არის ერთ-ერთი შეთანხმება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა დაკარგული პირების ბედის გასარკვევად. არცახის ორი ომის შემდეგ 985 სომეხი მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია, მათგან 208 44-დღიანი ომის მონაწილეა. აზერბაიჯანში 4000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულზე საუბრობენ.
თავად ფაშინიანი ბრიუსელის შედეგების შეფასებას ნაადრევად მიიჩნევს. შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება. თუმცა ოფიციალურ ერევანს ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვს – სამშვიდობო დღის წესრიგი რეალობად აქციოს.
ავტორი: ლენა ბადეიან