უკრაინის სომეხთა კავშირი ელოდება ბუჩას მსხვერპლთა სიებს, რათა გაარკვიოს, არიან თუ არა სომხები
ომის 43-ე დღეს კიევში ცხოვრება ნელ-ნელა აღდგენას იწყებს, ,,რადიოლურს“ განუცხადა უკრაინის სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მკრტჩიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქალაქიდან წასულებს მოუწოდა, ჯერ არ დაბრუნდნენ, სომხური თემის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხალხის ნაკადი დიდია.
„კიევის ცხოვრება, რა თქმა უნდა, ნელა, მაგრამ აღდგენას იწყებს. ბენზინგასამართ სადგურებში უკვე რამდენიმე სახეობის საწვავია, მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა. შესაძლებელია ღია კაფეების და საპარიკმახეროების მოძიება. რამდენიმე დღეა უკვე ტრანსპორტიც მუშაობს, რამდენიმე მეტროსადგური მუშაობს. ქალაქისკენ მიმავალ გზებზე მცირე საცობებიც კი არის“, – ამბობს დავით მკრტჩიანი.
შედარებით მშვიდი ვითარებაა ჩერნიგოვში, სუმიში, უფრო დაძაბული კი უკრაინის აღმოსავლეთში, სამხრეთში, ამბობს დავით მკრტჩიანი.
ომის 43-ე დღე ხარკოვის რაკეტებით დაბომბვით დაიწყო. ამის შესახებ განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა. მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა ხარკოვის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაცია სთხოვა და განმარტა, რომ მოწოდება ეხება ექსკლუზიურად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მცხოვრებლებს.
უკრაინის სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი კავშირში არიან ამ რეგიონების სომხებთან.
„ჩვენ გამოვეხმაურეთ, რომ თუ გრძნობთ, რომ ძალიან საშიშია, აუცილებლად წადით უსაფრთხო ადგილებში, რის შემდეგაც ჩვენ დაგიკავშირდებით და ვეცდებით დავეხმაროთ გამოსულ სომხებს“, – განაცხადა სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვითარება კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით ქალაქ მარიუპოლში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჟოზეპ ბორელი შეეხო რა მარიუპოლში ჰუმანიტარულ კატასტროფას, განაცხადა: „მარიუპოლი არის ევროპის ალეპო. ჩვენ ვიზრუნებთ მარიუპოლზე“.
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფანი 5 აპრილს უნდა გახსნილიყო. უკრაინულმა მხარემ კი განაცხადა, რომ რუსული მხარე ხელს უშლის, არ აძლევს ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის საშუალებას მარიუპოლში დარჩენილ 160 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც არ აქვთ ელექტროენერგია, კომუნიკაცია, სამედიცინო საშუალებები, გათბობა და წყალი. რუსულმა მხარემ კი უკრაინა დაადანაშაულა დუმილის რეჟიმის დარღვევაში.
დავით მკრტჩიანის თქმით, 5 აპრილს გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნით ძირითადად მარიუპოლის ის მცხოვრებლები სარგებლობდნენ, რომლებმაც მარიუპოლიდან საკუთარი სახსრებით შეძლეს გადაადგილება ბერდიანსკში, შემდეგ კი ზაპოროჟიეში გაემგზავრნენ.
„მარიუპოლის და ბერდიანსკის გარდა, სხვა დერეფნები არ გამოცხადებულა, არ ფუნქციონირებდა. ამჟამად კიევის რეგიონის ქალაქების ირპენის, ბუჩასა და გოსტომელის მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. მხოლოდ სიტუაციის დარეგულირების და ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ შეძლებენ იქ დაბრუნებას, თუ, რა თქმა უნდა, სახლები დანგრეული არ იქნება“, – ამბობს დავით მკრტჩიანი.
უკრაინის სომხური სათვისტომო ბუჩაში დაღუპულთა იდენტიფიკაციას ელოდება, რათა გაარკვიოს, არიან თუ არა სომეხი ეროვნების და სომხეთის მოქალაქეები, „რადიოლურს“ განუცხადა უკრაინის სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მკრტჩიანმა. ომამდე სომხები ცხოვრობდნენ კიევის მოსაზღვრე ქალაქ ბუჩასა და ირპენში.
„ჯერ არ არის სიები იმის გასარკვევად, არიან თუ არა სომხები დაშავებულებს შორის. თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ომამდე იქ სომხები ცხოვრობდნენ. ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად. ახლა ველოდებით ცხედრების იდენტიფიცირებას და უკვე გვექნება სიები“, – აცხადებენ უკრაინის სომეხთა კავშირში.
ბუჩას მერმა ანატოლი ფიოდორუკმა BBC-ს განუცხადა, რომ ქალაქში დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის ბრალდებების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ბუჩას ინციდენტებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან, ბრალდებების თემა უნდა დაიხუროს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა.