დავით ბაბაიანი: მინსკის ჯგუფს ამ დროისთვის ალტერნატივა არ აქვს, ის გაუქმებული კი არ არის – გაყინულია

ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი პლატფორმაა, იმისთვის, რომ არსებობდეს ალტერნატივა, უნდა არსებობდეს ყველასთვის მისაღები პლატფორმა. ასეთი მოსაზრება „Sputnik სომხეთთან“ საუბარში არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა გამოთქვა.
„ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მოვლენები განვითარდება, როგორი იქნება მინსკის ჯგუფის ბედი, მაგრამ რამდენადაც ვხედავთ, მათ ჯერ არ უთქვამთ ამ ღონისძიებაზე უარი. დიახ, აღინიშნა, რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობა იყინება, მაგრამ არ მგონია, რომ ფორმატი უკვე გაუქმებულია ან დაიშალა, რადგან პროცესი სხვა პროცედურებით უნდა წარიმართოს, თუ თანათავმჯდომარე ქვეყნები ამის სურვილს გამოთქვამენ“, – განაცხადა ბაბაიანმა.
8 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ და საფრანგეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები, უარს ამბობენ რუსეთთან კომუნიკაციაზე.
დავით ბაბაიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის უთქვამს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი იშლება, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უბრალოდ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები დაძაბულია, სტრუქტურის საქმიანობა დროებით გაყინულია. მან დასძინა, რომ იმედოვნებენ, რომ ურთიერთობები დარეგულირდება და მინსკის ჯგუფი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას, შესაბამისად, ჯერჯერობით უნდა ველოდოთ.