„არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია ყარაბაღში ვადამდე დასრულდეს“: კორტუნოვი

არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ, რუსეთის სამშვიდობო მისია ყარაბაღს ვადაზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ NEWS.am-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კორტუნოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი საკმაოდ რეალისტურია არსებული მდგომარეობის შეფასებაში. „არსებობს გააზრება, რომ, დიდი ალბათობით, ყარაბაღის სტატუსის საკითხები უახლოეს მომავალში არ მოგვარდება და, შესაბამისად, რუსეთის პოზიციაა, რომ ამ სფეროში ახალი ესკალაცია არ დაუშვას, რაიმე ექსცესი, რითაც რეგიონის მოსახლეობა შეიძლება დაზარალდეს, მიუღებელია. გარდა ამისა რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ჰუმანიტარული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების გადაწყვეტაში, მაგალითად, კონფლიქტის დროს დაბლოკილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებით. ანუ რუსეთის მიზნები ამ მომენტში საკმაოდ შეზღუდული და კონკრეტულია. ამ მიზნების მიღწევის პროცესში შეიძლება წარმოიშვას უფრო ამბიციური საკითხები, მათ შორის სტატუსის საკითხი“.
კორტუნოვმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის მანდატი არსებობს, არის პირობები, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმებულია. „5 წელს დაჰყოფენ, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელების შესაძლებლობით. და რამდენადაც ახლა ვიცი, არც ერთ მხარეს არ დაუყენებია რუსი სამშვიდობოების მანდატის ვადამდე შეწყვეტის ან გაყვანის საკითხი. მეჩვენება, რომ (მანდატის) გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები, თუმცა ეს დრო ჯერ არ მოსულა, რთული იქნება და შესაძლებელია სამშვიდობოების მანდატის გარკვეული ცვლილებაც გახდეს საჭირო. თუმცა, ახლა არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია განსაზღვრული ვადის გასვლამდე დასრულდება. ვისურვებდი, რომ შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება, არამედ ამ სფეროში ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების აღდგენაც“, -აღნიშნა კორტუნოვმა.