სააკაშვილის ექიმი: მისი მდგომაროება დამძიმდა – აქვს ტკივილები, უჭირს გადაადგილება

,,Metronome.ge” წერს, რომ ცენტრ “ემპათიას” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ნევროლოგს, ოთარ თოიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
როგორც ჯიშკარიანმა TVპირველთან საუბარში აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხერხდება.
“მისი მდგომარეობა დამძიმებულია ნევროლოგიური თავლსაზრისით. მას უჭირს გადაადგილება, აქვს ასევე ტკივილები და იღებს ანალგეტიკურ საშუალებებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მკურნალობა, ეს არის სიმპტომური მკურნალობა, რომელსაც შედეგი ვერ მოჰყვება. ჩვენი მონაცემებით, მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. პროგნოზულად, ის კიდევ უფრო დამძიმდება თუ შესაბამისი მკურნალობა დროულად და სასწრაფოდ არ ჩატარდა. მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, დროულად მიიღოს ქმედითი ზომები. არა მგონია, ახლა, ამ დამძიმებული მდგომარეობით სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ადეკვატური იყოს”, – აცხადებს ჯიშკარიანი.
TVპირველთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ნევროლოგმაც.
“მას რომ ეთქვას, რომ ცუდად გრძნობს თავს, არ ყოფილა. პრაქტიკულად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ითხოვს, რომ მას მიაქციონ ყურადღება. აქვს დაბუჟებები, ტკივილები… როგორმე უნდა მოვახერხოთ მისი ნახვა”, – ამბობს მედიკოსი.