
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე ბევრი პრობლემაა დარჩენილი. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზეც. გეთანხმები, ბევრი პრობლემა დარჩა გადასაჭრელი. თქვენთან მუდმივ კავშირში ვართ, აუცილებლად გვაქვს სატელეფონო საუბარი ყოველ 10 დღეში ერთხელ მაინც. ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ არის ეპიდემია. მოხარული ვარ, რომ გხედავთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის 200-ზე მეტი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ქმნის კარგ შესაძლებლობას თითქმის ყველა სფეროში მუშაობისათვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა.
„ჩვენი მონაცემებით, 2021 წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 12.8% შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ თვეებში ის 50%-ით გაიზარდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ პერიოდისათვის“, – დაასკვნა პუტინმა.