მთავარიპოლიტიკა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე, მიშუსტინი სომხეთთან ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების უფრო აქტიური გამოყენების მომხრეა

რუსეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებით.

როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოგესალმებით მთავრობის სახლში. თქვენი ოფიციალური ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრულ-მოკავშირეობრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და რუსეთს. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების 25 წლისთავს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგად თქვენ მიაღწიეთ ფართომასშტაბიან შეთანხმებებს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ჩვენი ორი ქვეყნის დღის წესრიგის თითქმის ყველა სფეროში. რუსეთის ფედერაცია მიიღებს ყველა ზომას მაღალი დონის გადაწყვეტილებების განსახორციელებლად“, – განაცხადა მიშუსტინმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი სომხეთის უცხოურ საინვესტიციო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მიშუსტინს ახარებს ის ფაქტი, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 13%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და  430 მილიონ დოლარს შეადგენს. „სომხეთის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების მოცულობა 2 მილიარდ დოლარზე მეტია.  ჩვენ დაინტერესებული ვართ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებით, ახალი პროექტების განხორციელებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამთო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა და ციფრული ტექნოლოგიები“, – განაცხადა მიშუსტინმა და დასძინა, რომ მსგავს ინიციატივებზე მუშაობს  ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისო კომისიები.

მიშუსტინი სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პროგრამის ხელმოწერის პროცესის დაჩქარებას სთავაზობს. „რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნების   უკანონო სანქციების პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეროვნული ვალუტების უფრო აქტიურად გამოყენება ორმხრივ ვაჭრობაში, სამრეწველო კოოპერატივების განვითარება, ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნა“, – აღნიშნა მიშუსტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button