ყაზახეთმა საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთები საქართველოს დერეფანზე გადაამისამართა

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, წერს რუსული სააგენტო ТАСС.

„ჩვენ ალტერნატიული მარშრუტი შევიმუშავეთ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის. სამინისტროს ოპერატიული ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო ტვირთბრუნვის ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საექსპორტო ტვირთები ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე გადამისამართდება. ამ მიმართულებით შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ერთობლივი საწარმო. მისი ამოცანა ამ მარშრუტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება.