
სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება, რათა ერთად შევძლოთ ახალი გამოწვევების დაძლევა და შესაძლებლობების გამოყენება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ერევანში ჩატარებული ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, ერევანში ვიზიტის ფარგლებში მას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს, სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
„ბატონ მირზოიანთან დეტალურად განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ამ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობასა და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ვაფასებთ სომხეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც მოწმობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე“, – განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია.
„ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება არის ის სფერო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს, რომელიც კრიტიკულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის რესპუბლიკისთვისაც. ხაზი გაესვა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ახალ სატრანზიტო პროექტებს ორი ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, პოტენციალის სრულ რეალიზებას მნიშვნელოვნად მივიჩნევთ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მან კმაყოფილება გამოთქვა ორმხრივი ეკონომიკური კომისიების სხდომების რეგულარული გამართვით, რომლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მოსახერხებელ დროს მიიღოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, რაც კარგი სტიმული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.