სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დუშანბეში რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სერგეი ლავროვთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას აზერბაიჯანთან ხელმოსაწერ დოკუმენტს უწოდა ,,ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმება“. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“.
მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი ერთგული რჩება სამ ქვეყანას შორის ყველა შეთანხმებისა და განცხადების შესრულებაზე.
„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სამუშაო ამჟამინდელი მასშტაბით, იქნება ეს რეგიონში ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების გახსნა, სამშვიდობო შეთანხმება, თუ უფრო სწორად, ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმება“, – განაცხადა მირზოიანმა.
მირზოიანმა სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხიც დააყენა.
სხვათა შორის, ამავე მედიასაშუალება ასევე იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყოს და მიაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა, როგორც კონტაქტების გაგრძელება, დადებითად აისახება შემდგომ დისკუსიებზე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ბაქომ გამოაცხადა, რომ სომხეთს ხუთპუნქტიანი წინადადება წარუდგინა სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. პასუხად სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ წინადადებები ზოგადად მისაღებია, მაგრამ ბაქოს კონტრწინადადებები წარუდგინა.