პოლიტიკა

კარასინი აცხადებს, რომ ქართველებთან “სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის თემა” განიხილა

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ის ცნობით, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა “ქართველ კოლეგებთან მოკლედ განიხილა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თემაზე რეფერენდუმის საკითხი”.

“ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აღელვებს, ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს”, – ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო tass-ს განუცხადა. თუმცა უცნობია, რომელ პარტნიორებს გულისხმობდა კარასინი, ვისთანაც “რეფერენდუმის” თემა განიხილა.

რუსული სააგენტო tass-ის ცნობითვე, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს პირისპირ შეხვდება. მანამდე კი ორი ქვეყნის წარმომადგენელი “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში მართავენ.

“ჭორები აღნიშნული ფორმატის გაყინვაზე ნაადრევია. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, ასევე ვიდეო-კონფერენციების ფორმატში. ახლა ისეთი დროა, ფორმატების შეჩერება არ ღირს”.

კარასინის განმარტებითვე, რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს.

“სამწუხაროდ, კოვიდის მოვლენებმა ამ საკითხს ხელი შეუშალა. იმედია, სიტუაცია უკვე გამოსწორდება”.


საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს. ხელისუფლების ოპონენტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის არაფრის მომცემია.

ნახეთ მეტი
Back to top button