საერთაშორისო

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც შემდგომ გაფართოებას არ ემხრობიან და შესაბამისად, არც ჩვენი ევროპული პერსპექტივის ქომაგები არიან

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც შემდგომ გაფართოებას არ ემხრობიან და შესაბამისად, არც ჩვენი ევროპული პერსპექტივის ქომაგები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, მათთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია კრიტიკული შეფასებები, რაც შეიძლება გახდეს თავის მართლების კარგი საფუძველი, თუკი ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

„დღეს ევროკავშირში არ არსებობს ერთგვაროვანი ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც უკავშირდება ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შეუქცევადს გახდიდა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებით და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროგრესის წარმოჩენით შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ ჩვენთვის სასურველი პოზიციის ფორმირებას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ შემდგომ გაფართოებას და ამ კონტექსტში საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ერთგულად ლობირებენ. ამავდროულად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც შემდგომ გაფართოებას არ ემხრობიან და შესაბამისად, არც ჩვენი ევროპული პერსპექტივის ქომაგები არიან. მათთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია კრიტიკული შეფასებები, რაც შეიძლება გახდეს თავის მართლების კარგი საფუძველი, თუკი ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა საქართველოს იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც მას ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას აძლევს.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებებით ისინი კვებავენ იმ ძალებს, რომლებიც ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგია და ამით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და მის ევროპულ პერსპექტივას.

„საქართველო იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, გვსურს ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, სადაც საფრთხეს ვერავინ შეუქმნის ჩვენი სისხლით მონაპოვარ სახელმწიფოებრიობას და ჩვენი შვილების მომავალს. ძვირფასო კოლეგებო ოპოზიციიდან, მოგმართავთ მათ, ვისაც გიჭირთ გაიგოთ, თუ რას უშავებთ ქვეყანას, როდესაც ამბობთ, თითქოს საქართველო მითიურ ოლიგარქს აქვს მიტაცებული, თითქოს მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები მაშინ, როდესაც თავს ესხმით მათ, თითქოს არჩევნები მოგპარეს, როდესაც საარჩევნო კამპანიას სხვაგან ატარებთ და ქართველი ამომრჩევლის მაჯისცემა დიდი ხანია არ გესმით. თითქოს სიტყვის თავისუფლებას გიზღუდავენ, როდესაც თავისუფალი მედიის წინაშე დანაშაულის ჩამდენს კანონი სჯის. თითქოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში გიკლავენ, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს არათუ მის ჯანმრთელობაზე, არამედ, მის გუნება განწყობაზეც. ქმნით ცრუ ინფორმაციას ხელისუფლების რუსეთუმეობაზე და ხელს უწყობთ რუსულ მცდელობას, ზიანი მიაყენოს საქართველოს. ბოიკოტი გამოუცხადეთ საკუთარ ამომრჩეველს, პარლამენტს და ახლა მათ, ვინც ვინც რეფორმების ტემპს გვიწუნებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, კვერს უკრავთ და ამით გსურთ დაიწეროთ პოლიტიკური ქულები. ლობიზმის მთელ რესურს ხარჯავთ, რომ პოლიტიკურ საფარველქვეშ დანაშაულის ჩამდენებისთვის შექმნათ საერთაშორისო პატრონაჟის მექანიზმები და მერე ქვეყანას დადო ბრალი შერჩევით და პოლიტიზებულ სამართალში. ეს არის ის, რითაც კვებავ იმ ძალებს, რომელიც ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგია და ამით ებრძვით საკუთარ ქვეყანას და მის ევროპულ პერსპექტივას. დღეს არსებულ უნიკალურ გარემოში გგონიათ, რომ თუ ქვეყანა დამსახურებულად კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ამით „ქართული ოცნება“ იხეირებს და იმდენად გადარდებთ, რომ მზად ხართ ქვეყნის ინტერესები გაწიროთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button