ვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავ არასტაბილური და დაძაბულია. 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდგომი ბიძგები კვლავ გავლენას ახდენს სომხეთის მთელ რეგიონზე. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წამყვან ინდურ მედიასაშუალება “VION”-თან ინტერვიუში განაცხადა.
მირზოიანის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით დადებული სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი განცხადების შემდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები შეწყდა, მაგრამ ბევრი საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
„აშკარად არღვევს რა სამმხრივი დეკლარაციის დებულებებს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, უგულებელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო მოწოდებებს, აზერბაიჯანი უარს ამბობს სომეხი სამხედრო ტყვეების ან სხვა დაკავებულების გათავისუფლებაზე. კიდევ ერთი პრობლემაა ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების, შეურაცხყოფის და დამახინჯების რეალური საფრთხე. აზერბაიჯანი ხელს უშლის იუნესკოს შეფასების მისიის გაგზავნას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, რაც ხელს შეუწყობს სომხური მემკვიდრეობის დაცვას სრული განადგურებისგან“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხების მიმართ ქსენოფობიური რიტორიკა ოფიციალური ბაქოდან კვლავ გრძელდება. მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ ჯერ კიდევ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, ემუქრებიან მათ იძულებით გასახლებით ან გაზის მიწოდების შეწყვეტით ცუდი ამინდის პირობებში. მირზოიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კვლავ ხდება ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევა და აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. სომხეთმა მრავალჯერ განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობისათვის, რაც გულისხმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას და მოიცავს მთიანი ყარაბაღის ხალის ყველა უფლების დაცვას და მის საბოლოო სტატუსს.