მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს და აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ვაჰაგნ ხაჩატურიანის სომხეთის პრეზიდენტის რანგში პირველ  ოფიციალურ  ვიზიტს   საქართველოში. „ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ამყარებს“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ სომხეთის პრეზიდენტმა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის მადლობა მოახსენა. „სომხეთი უაღრესად აფასებს და დიდად უჭერს მხარს სომხურ-ქართულ ურთიერთობებს.  სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობა ეფუძნება  ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და ორი ქვეყნის პარლამენტებში მოქმედ კომიტეტებს შორის რეგულარული შეხვედრების ორგანიზებაზე.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებს, აღინიშნა, რომ „სომხეთი და საქართველო დაინტერესებულნი არიან  გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებით, რადგან ეს არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი გარანტია რეგიონის  განვითარებისთვის.

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობაზე, უწყვეტ დიალოგსა და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობები ყოველთვის იყო მაღალ დონეზე, არის და მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ჩანაწერი გააკეთა საქართველოს პარლამენტის საპატიო სტუმრების წიგნში.

„მოხარული ვარ, ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, ქვეყანაში, რომელთანაც ათასობით წლის ღრმა კულტურული, რელიგიური და ცივილიზაციური ერთიანობა გაგვაჩნია“.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი ახალ  იმპულსს შესძენს  ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button