საზოგადოება

ერთი კვირის თავზე გამოვიტანთ საკითხს, სახელმწიფო “ბორჯომის” თანამფლობელი გახდება – ღარიბაშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომპანია “ბორჯომში” მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გამოიტანენ საკითხს და კომპანიის თანამფლობელი მთავრობა გახდება. 

“ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა პრაქტიკულად უკვე მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება, მე ვიცი, რომ მანამდე რაღაც გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ, მე დღეს მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექეცით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ბორჯომში ორივე ჩამომსხმელი ქარხანა დღეს დილიდან პიკეტირებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც იმ დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან. 

ადგილზე საგანგებო მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაფიცულების ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ სამსახურში არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. 

პროცესში მედიატორად ერთვება ჯანდაცვის სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button