საზოგადოება

ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიასთვის კომპენსაციის გადახდაზე გადაწყვეტილება 3 ივლისამდე უნდა მიიღოს

,,მთავარი არხი” წერს, რომ “რუსთავი 2”-ის მოქმედი მფლობელისგან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კომპენსაციას ითხოვს – ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას მოთხოვნაზე გადაწყვეტილება 3 ივლისამდე უნდა მიიღოს. 

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამიას კომპენსაციას არ გადაუხდიან, დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება. 

“ვერ გეტყვით ვერაფერს, ახლა რას მეკითხებით, ხომ გითხარით უკვე. სად მოგვიწევს და როგორ მოგვიწევს გადანაცვლება, ესეც გაირკვევა მას შემდეგ რაც გეცოდინებათ კომპანიის მფლობელის პასუხი ხომ?!” – თქვა “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, პაატა სალიამ. 

“მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-მა ნიკა გვარამია უკანონოდ გაათავისუფლა, სწორედ ამიტომ წარმოეშვა მას ვალდებულება, კომპენსაცია გადაიხადოს. 

ნიკა გვარამიამ კომპენსაცია 3 ივნისს მოითხოვა – საუბარია 5 მილიონ დოლარზე. უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის დირექტორობიდან გათავისუფლებით, სასამსახურო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. კერძოდ, დაირღვა ვადები – ხელშეკრულების თანახმად, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო, ხალვაშმა კი ნიკა გვარამია 2019 წელს, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებისთანავე გაუშვა. 

ნახეთ მეტი
Back to top button