“მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი ევროკავშირში საქართველოს სტატუსია” | გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირში უმაღლეს დონეზე არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა ვივამედში მოინახულა.
“ახლა ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირში საქართველოს სტატუსი. ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ ადგილი მოგვეპოვებინა ადგილი ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, ახლა მთელი ეს დღეები ერთადერთი საფიქრალი ეს არის, ჯანმრთელობამ და ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია.
წერილები აქვს უამრავი გაგზავნილი ყველა დონეზე, ევროკავშირშია გაგზავნილი, რომელშიც ასაბუთებს რატომ ეკუთვნის საქართველოს ადგილი და ნამდვილად ეკუთვნის, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ ჩვენ დასავლეთში ჩვენი კუთვნილი ადგილი მოგვეპოვებინა”, – თქვა გიული ალასანიამ.