რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის ფარგლებში შემოღებული რეჟიმი დაეფუძნება სომხეთის ტერიტორიის აბსოლუტურ სუვერენიტეტს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც იცით, სარკინიგზო მარშრუტი შეთანხმებულია, ახლა უკვე დასრულდა შეთანხმება საავტომობილო გზის მარშრუტზეც, ისევე როგორც მთავრდება შეთანხმება რეჟიმზე, რომელიც უნდა იქნეს შემოღებული. ის აბსოლუტურად დაფუძნებული იქნება სომხეთის ტერიტორიის სუვერენიტეტზე, აქ არ შეიძლება იყოს სხვა აზრი“, – განაცხადა ლავროვმა.