ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ პროვოცირებულმა 44-დღიანმა ომმა შეცვალა სტატუს კვო სამხრეთ კავკასიაში, რასაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა.
ანგარიშში კვლავ ნახსენებია ევროპარლამენტის მიერ 2021 წლის მაისში მიღებული რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანისგან ითხოვს ყველა სომეხი ტყვეს დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთიანი ყარაბაღის დაპირისპირება არ მოგვარებულა. ევროპარლამენტმა გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე დაძაბულობის გამო და გაიხსენა, რომ მარტში დაზიანდა მთიანი ყარაბაღის მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც რეგიონი ენერგეტიკაზე წვდომის გარეშე დარჩა.
ევროპარლამენტმა მნიშვნელობა მიანიჭა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, მათ შორის ტყვეების და დაკავებულ პირთა სრულ გათავისუფლებას, დაკარგული პირების ბედს, განაღმვის ხელშეწყობას, მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას.