სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ისინი შეძლებენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, საზღვრის გახსნას სომხეთსა და თურქეთს შორის. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, როგორია ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზა, ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ დავიწყეთ დიალოგი სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით. თავად დიალოგი უკვე ძალიან პოზიტიურია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ“.
კითხვაზე, საუბრობენ თუ არა თურქეთთან ორმხრივ ვიზიტებზე, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყების შემდეგ სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო, მაგრამ ეს ადრეც ხდებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნას, რომელიც უკვე 30 წელია დაკეტილია.