
შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის 30-წლიანი ურთიერთობის მიზანია ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში წინსვლა, ასევე დემოკრატიის დღის წესრიგი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა რადიო „თავისუფლება“- სთან ინტერვიუში განაცხადა.
„სომხეთთან ჩვენი დიალოგის ერთ-ერთი სასიცოცხლო საკითხია სომხეთში დემოკრატიის განმტკიცება. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა განხილვა ამ და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა სომხურ-ამერიკულ სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. ამ დიალოგის ერთ-ერთი საყრდენი იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ დემოკრატია, როგორ გავაძლიეროთ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. ამ საუბრის ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ანგარიშვალდებულება, როცა საქმე პოლიციასა და სამართალდამცავ სისტემას ეხება. „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, რათა მისი დემოკრატია უფრო ძლიერი და გამძლე იყოს“, – თქვა კარენ დონფრიდმა.
მან ისაუბრა გასულ წელს გამართულ სამიტზე „დემოკრატიისთვის“, რომელსაც ასევე ესწრებოდა სომხეის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აღნიშნა, რომ შედეგად თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ შეადგინა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოითხოვს სერიოზულ მუშაობას ყველა მონაწილე ქვეყნისგან.