„3+3“ ფორმატი არის დასავლეთის რეგიონიდან გაყვანის საშუალება
„3+3“ ფორმატის მომდევნო სხდომა ირანში გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის დაწყებამდე ის მიესალმა ირანის კონსტრუქციულ პოზიციას რეგიონულ პროექტებში მონაწილეობის თაობაზე.
ამ ფორმატში პირველი შეხვედრის შემდეგაც ექსპერტებმა ეჭვი შეიტანეს პლატფორმის მომავალში და რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ ეს ფორმატი გაზრდიდა თურქეთის გავლენას რეგიონში. აზრი დღესაც არ შეცვლილა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის „3+3“ ფორმატში პირველი შეხვედრა შვიდი თვის წინ, 2021 წლის 10 დეკემბერს, მოსკოვში შედგა. შეხვედრაში 5 ქვეყნის – სომხეთის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილული იქნა რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთო საფრთხეების დაძლევის თემა. საქართველომ უარი თქვა ამ შეხვედრაზე რუსეთის იქ ყოფნის მოტივით.
„3+3“ „3+2“-ად გადაიქვა“, – ხუმრობდნენ ექსპერტები. ექსპერტებმა ასევე შენიშნეს, რომ ახალი პლატფორმა არც ირანისთვისაა მომგებიანი, რადგან თურქეთის ინიციატივით შექმნილი ფორმატი, ფაქტობრივად, შეეცდება გაზარდოს თურქეთის როლი რეგიონში.
როგორც პოლიტოლოგმა ტიგრან გრიგორიანმა „რადიოლურთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ფორმატის შეხვედრის დაწყება სწორედ ამ დროს, დამთხვევა არ არის და “ეს არის მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ”, – თქვა მან.
„ამ ეტაპზე ჩვენი რეგიონის ყველა მთავარი სახელმწიფო, რუსეთი, თურქეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან დასავლეთის გავლენის განეიტრალებით ან მინიმუმამდე დაყვანით. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მსგავსი ფორმატები უახლოეს მომავალში დაიწყებენ გააქტიურებას. ეს არის ასევე მიზეზი იმისა, რომ რუსეთი ბოლო დროს დე ფაქტო დაუპირისპირდა მინსკის ჯგუფს, რადგან ეს ფორმატი ასევე განიხილება დასავლეთის გავლენის იარაღად ჩვენს რეგიონში“.
„3+3 ფორმატი რომ განხორციელდეს, ეს პირველ რიგში თურქეთისთვის იქნება სასარგებლო, რადგან მისი წვდომა სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ სომხეთი ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ამ ფორმატმა შეიძლება იმუშაოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც სხვა ფორმატებში არ შედიან, პირველ რიგში ყარაბაღის პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც მინსკის ჯგუფის ფორმატშია.
ამის შესახებ გასული წლის დეკემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატი შესაძლოა სომხეთისთვის საინტერესო იყოს, თუ იქ სხვა პლატფორმების თემა არ განიხილება.
პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი განმარტავს: სომხეთმა უნდა განსაზღვროს მკაფიო წითელი ხაზები, რომელთა განხილვაც დაუშვებელია ამ პლატფორმაზე. მისი თქმით, საუბარია ყარაბაღის პრობლემაზე. მას მიაჩნია, რომ არცახის საკითხი აქტუალური უნდა იყოს, განსაკუთრებით ამერიკულ წრეებში.
„აშშ-თან, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ მინსკის ჯგუფის ფორმატში, თანათავმჯდომარეობის ფორმატზე არ არის საუბარი, რადგან ის დე ფაქტო არ არსებობს. შეერთებულ შტატებს, როგორც მინსკის ჯგუფის წევრ სახელმწიფოს, შეუძლია უფრო აქტიური შუამავლის როლი აიღოს და ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად დააბალანსოს მოსკოვისა და ანკარას მიერ წამოწყებული რეგიონალიზაციის ტენდენციები.
თავის დროზე, როცა ეს „3+3“ ფორმატი იქმნებოდა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს არც თეირანისთვისაა მომგებიანი, რადგან თურქეთის გააქტიურებით ირანი აუტში აღმოჩნდება. თუმცა, პოლიტოლოგ ტიგრან გრიგორიანის აზრით, დასავლეთის რეგიონიდან გაძევებისკენ მიმართული „3+3“ ფორმატი დღეს ირანის ინტერესებშიც შედის . ის არ უარყოფს, რომ თურქეთი უფრო დიდ გავლენას აყალიბებს რეგიონში, ასევე მტკიცდება რუსეთის ყოფნაც.
„მე ვფიქრობ, რომ რეგიონი აშკარად დაიყოფა გავლენის ზონებად. რუსეთს ექნება გავლენა ერთ სფეროში, თურქეთს მეორეში. ეს ისეთი მოდელია, როცა რეგიონის დიდი ქვეყნები მფარველობას ამყარებენ პატარა ქვეყნებზე. სომხეთი და არცახის დარჩენილი ტერიტორიები – ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობის ზონა. თურქეთს კი დიდი გავლენა ექნება აზერბაიჯანში“.
ამ ეტაპზე ამ პლატფორმას უფრო საკონსულტაციო ხასიათი ექნება და დიდი მოლოდინები არ უნდა დავამყაროთ, ამბობს პოლიტოლოგი.